რას ამბობს ექიმი პაპუნა ლოცულაშვილზე, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა?

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, მანანა ლობჟანიძის თქმით, ამ ეტაპზე, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ტვინის შერყევა არ დადასტურებულა.
მანამდე, ადვოკატმა გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც საკაცეზე მოთავსებულია პაპუნა ლოცულაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ლოცულაშვილი გადაყავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
“ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძება, აღებინა, არის ძალიან სუსტად, აქვს ტკივილები და როდესაც ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩათვალა საჭიროდ, გადაიყვანოს კლინიკაში, უნდა ჩაუტარდეს დამატებით კვლევები”, – დასძინა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატი საუბრობს ფსიქოლოგიურ სტრესზე, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო.
“ვიცით, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური სტრესი წამების მსხვერპლია. ეს უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, რომელსაც იმედი მაქვს, კლინიკა შეაფასებს”, – აღნიშნავს ადვოკატი.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.