UFC-ის ლეგენდამ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა და მიზეზი დაასახელა, რის გამოც მახაჩევს ამ ეტაპზე ეს ორთაბრძოლა არ აინტერესებს.
„წარმოიდგინეთ, ისლამმა დაამარცხა თოფურია. მერე თოფურია კიდევ იბრძვის და აგებს. რა გამოდის? ისლამმა დაამარცხა მებრძოლი, რომელსაც, რეალურად, მსუბუქ წონაში არაფრისთვის მიუღწევია. ეს არაფერს დაამატებს ისლამ მახაჩევის მემკვიდრეობას“, – განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
ნურმაგომედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მახაჩევს ისეთი ბრძოლების მიღება სურს, რომლებიც UFC-ში მის ისტორიას განსაზღვრავენ.
„ისლამს ბევრი დრო აღარ დარჩა – მალე 34 წლის გახდება. თოფურია? ვოლკანოვსკი? ისლამს ეს არ სურს. მას უნდა ღირსეული გამოწვევები. ისეთ ადამიანებთან ბრძოლა, რომელთაც ამ დივიზიონში ბევრი რამ აქვთ დამტკიცებული. არაფერია პირადული. მაგრამ როცა წონით კატეგორიას იცვლი და ზემოთ ადიხარ, უნდა დაიმსახურო შესაბამისი ბრძოლა“, – აღნიშნავს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) დატოვების და მსუბუქ დივიზიონში (70კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დაუმარცხებელმა ქართველმა (16:0) თავისი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო, მას კი რამდენიმე დღის წინ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაეუფლა.
რაც შეეხება მახაჩევს, მას შერეულ ორთაბრძოლებში 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 27 მოიგო. მსუბუქი დივიზიონის ქამარი ისლამ მახაჩევმა 2022 წლის ოქტომბერში ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაში მოიპოვა და შემდეგ ოთხჯერ დაიცვა.
როგორც თოფურიამ რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, მას მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა სურს და მზადაა, ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდეს.
წყარო: 1tv.ge