უშბაზე 29 წლის ალპინისტი ნიკო ფალიანი დაიღუპა. მისმა ფოტოებმა წამებში მოიცვა სრულიად სოციალური ქსელი და დაამწუხრა უამრავი ადამიანი. გლოვობს მთელი სვანეთი გლოვობს.
შარშან, დაახლოებით ერთი წლის წინ, ნიკო ფალიანი შხელდაზე დაღუპულ არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს ელოდებოდა მესტიაში. წელს ასე უკვე ნიკოს ელოდებოდნენ მისი მეგობრები, რომლებიც წერენ: “ისევ იქ ვდგავარ ნიკო, სადაც შარშან ვიდექით და ერთად ველოდებოდით არჩილის ცხედარს. ახლა შენ. უსამართლო ხარ უშბა, რით ვერ გაძეხი ჩვენი ბიჭებით” – წერს სოციალურ ქსელში ნიკოს ფალიანის მეგობარი თამო ჯაფარიძე.
“ამას არ ველოდებოდით, ამას ვერ წარმოვიდგენდით, ვერ ვიჯერებ რომ ნიკო აღარ არის, – გვეუბნება ნიკოს ერთ-ერთი მეგობარი, – აღარ არის ჩვენთვის, ყველასთვის, მთელი სვანეთისთვის საიმედო ადამიანი, საყრდენი და ერთგული კაცი. ნიკოს ეს თვისებები, ყველაფერი, ოჯახიდან მოჰყვებოდა, შვიდშვილიანი ოჯახის შვილია. ვერ წარმოიდგენთ რამდენად ლამაზი ოჯახი აქვთ ფალიანებს – ულამაზესი, უძლიერესი დედმამიშვილები, ძმები, დედმამიშვილები ჰყავს. გააქვავა ყველა მათგანი, აატირა მთელი სვანეთი. ყველა მათთან ერთად ვგლოვობთ. სვანეთს სულის და გულის ნაწილი მოეგლიჯა. ვერ წარმოიდგენთ, რა ბიჭი იყო, დაუღალავი, გაუჩერებელი შრომით მიაღწია ყველა წარმატებას. ვერ ჩერდებოდა და არც ჩერდებოდა,ყველა ღონეს მოიხმარდა, რომ საქართველოს შესახებ ყველა სცოდნოდა. ფილმებს იღებდა, მთელ მსოფლიოში ავრცელებდა, მასპინძლობდა, გიდობდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ სვანეთზე მსოფლიოში გაეგოთ. ნიკო თითქოს არამიწიერი ბიჭი იყო. ვისაც უნახავს როგორ ეშვებოდა მთებიდან თხილამურებით, ყველა ამბობდა, ეს ბიჭი თითქოს არამიწიერია, ასეთი არაფერი გვინახავს, ისეთ შეგრძნებას გიჩენს, თითქოს დედამიწის შეგრძნება არ აქვს, ზეცაში დაფრინავს, ადამიანურ უნარებს აღემატება მისი უნარიო.
რაც ვიცით, ის არის, რომ ნიკომ დღეს უშბა ძმასთან და ორ ადამიანთან ერთად დალაშქრა და თითქმის მწვერვალამდე მისულს თხილამური გასძვრა. ამით დამთავრდა ყველაფერი, უშბაზე ცალი თხილამურით თავს ვინ დაიჭერს. მერე ალბათ რამდენჯერმე ამოტრიალდა. ამბობენ 800 მეტრის სიმაღლეზე იფრინა, ვიდრე იქ დაეცემოდა, სადაც მაშველებმა ნახესო. ღმერთო, ეს მერამდენეა და მაინც არ ანებებენ ჩვენი ბიჭები უშბას თავს”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ნიკოს მეგობარმა.
წყარო: “კვირის პალიტრა”