ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“, მიმალვაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.
ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ იგი საქართველოდან გაქცევის ახალ დეტალებზე საუბრობს; საუბრობს ბიძინა ივანიშვილზეც.
ინტერვიუ ბაჩიაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.
„გარდიანმა“ (The Guardian) 26 მაისს გამოაქვეყნა ჟურნალისტის, დენიელ ბოდის სტატია, შემდეგი სათაურით:
„ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი – როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.
მისი ვარაუდით, „მკვლელობის ბრძანება“ ივანიშვილის გაცემული არ არის
ბაჩიაშვილის შესახებ ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი, „ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ბაჩიაშვილი ამასთან დაკავშირებით პირველად საუბრობს საჯაროდ და ამბობს, რომ საუბარია „ჯგუფებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სავარაუდოდ, ჩეჩნებზე“.
„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
იგი ასევე ვარაუდობს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:
„ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე“, – უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას.
ამ საკითხის სხვა დეტალებზე ბაჩიაშვილი არ საუბრობს.
მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ასევე აცხადებდა, რომ არ გამორიცხავს, ბაჩიაშვილის მკვლელობის დაგეგმვა იყოს „საგარეო ძალების სცენარი, რათა კიდევ უფრო მეტად მოახდინონ ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში“.