„ბავშვობის საოცარი გემო, ფუმფულა, ბუთქუნა, ჰაეროვანი…“ – მოამზადეთ ნამცხვარი „ციყვი“ ამ რეცეპტით

ინგრედიენტები

კვერცხი – 10.00 ცალი

თხილი და ნუში – მოსართავად

მარილი

ვანილი

სოდა ან ძმარი

ლიმონის ცედრა – 1.00 ცალი

კაკაო – 5.00 სკ

რძე – 1.00 ლიტრი

სიმინდის სახამებელი – 50.00 გრ

ფქვილი – 600.00 გრ

მაწონი – 250.00 გრ

კარაქი – 400.00 გრ

შაქარი – 400.00 გრ

მომზადების წესი

მიქსერით ერთად ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 200გრ კარაქი და 200გრ შაქარი, შეათქვიფეთ 6 კვერცხი ცალ-ცალკე, სათითაოდ, 250გრ მაწონი, 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით, მწიკვი მარილი, ვანილი, ფქვილი დაახლოებით 500გრ, მიიღებთ დასასხმელ ბლანტ მასას. ეს მასა გაყავით 2 ნაწილად, ერთ ნაწილს შეურიეთ 3ს/კ კაკაო, მეორეს კი ერთი მთლიანი ლიმონის ცედრა. მასა დაასხით პერგამენტიან ცივ ჟარონაზე და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ზედა–ქვედა წვის რეჟიმზე, ცხვება დაახლოებით 20 წუთში. მეორე ბისკვიტიც ანალოგიურად გამოაცხვეთ.

გაციებული ბისკვიტები ამოჭერით სასურველი ზომის ჭიქით, მონაჭერები დააჩოფერეთ მოსაბუმბლად, კრემით დააწყვილეთ ორ-ორი, ზემოდან და გარშემოც წაუსვით კრემი, მობუმბლე თავის ნაფხვენში (ძირის გარდა).

კრემი-პატისიერი: გააკეთეთ 1 ლიტრი რძისგან. 500მლ რძე დადგით დაბალ ცეცხლზე, რომ ცოტა შეცხელდეს, ხელის სათქვეფით ცალკე გათქვიფეთ 4 კვერცხის გული, შეათქვიფეთ 200გრ შაქარი, 100გრ ხორბლის ფქვილი, 50გრ სიმინდის სახამებელი, მორჩენილი 500 მლ ცივი რძე ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხიან მასას და კარგად გახსენით ერთმანეთში. რძეში გახსნილი ცივი მასა დაუმატეთ ცეცხლზე მდგარ, ოდნავ შეცხელებულ რძეს და კარგად აურიეთ, მუდმივი მორევით, დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, არ უნდა ადუღდეს.

უკვე მზა კრემი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, გასაცივებლად და დააფარეთ კონტაქტში სამზარეულოს ცელოფანი. მიქსერით ცალკე ათქვიფეთ გათეთრებამდე 200გრ ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი, ნელ-ნელა შეათქვიფეთ იგივე ტემპერატურის, უკვე გაციებული მოხარშული მასა, მწიკვი მარილი, ვანილი. კრემის ნაწილს გაურიეთ კაკაო.

ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი კრემია. გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *