9 თებერვალს, სიდნეიში, არენა Qudos Bank-ზე, დილის 05:00 საათიდან UFC 312-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია გამართავს, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიას უფროსი ძმაა.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ავსტრალიელი კოლბი თიქნესი იქნება.
სპორტული გამოცემა Sporty Salaries-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ქართველი სპორტსმენი მოგების შემთხვევაში 12 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო UFC-ის სპონსორების ბონუსი 4 ათას დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება PPV (pay-per-view), ანუ სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტულ წილს, გავრცელებული ინფორმაციით, UFC 312-ის ფასიანი ჩვენების მთავარ ბრძოლებად 9 თებერვალს ჩანიშნული სხვა ორი ბრძოლა არის მიჩნეული.
როგორც წესი, PPV-ის ბონუსები სპორტსმენების შემოსავალს საგრძნობლად ზრდის, მით უმეტეს, თუ ტურნირი სამაუწყებლო გაყიდვების კუთხით კარგ შედეგებს აჩვენებს.
ამდენად, ჯერ უცნობია, თუ რამდენად დიდი იქნება PPV-ის წილი ქართველი სპორტსმენის ორთაბრძოლის დროს.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩემპიონის ტიტულის დაცვის ბრძოლით ილია თოფურიამ 2.44 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან თოფურიამ 750 000 დოლარი ბრძოლისთვის, 100 000 დოლარი გამარჯვებისთვის, 42 000 დოლარი სპონსორებისგან, 50 000 დოლარი ბონუსის სახით, ხოლო 1.5 მლნ დოლარი სატელევიზიო შემოსავლებიდან მიიღო