“მშვიდად განისვენე, ვანო ძია, ჩვენ შენს საქმეს გავაგრძელებთ!” – ამ სიტყვებით გამოაცილეს უკრაინიდან ცნობილი ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცეპოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ის გულის შეტევით დაიღუპა. როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ლაშა ძაგანაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვანო პროტასივიარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება ითხოვა: “ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ”, – მისწერა მან მეგობრებს. შემდეგი მესიჯით კი საკუთარი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: “სასწრაფო გამოიძახეთ”. მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა ვანო უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
უფრო მეტს მის შესახებ მისი თანამებრძოლი და მეგობრები გვიამბობენ.
რომეო ფარულავა, თანამებრძოლი და უახლოესი მეგობარი: – ვანო იმ დღეს გავიცანი, უკრაინაში რომ ჩავედი – 2022 წლის 4 მარტს, დილის 5 საათზე. მე და გიორგი ფარცვანიას დაგვხვდა. უმაგრესი მეთაური იყო, პირველი შედიოდა ფრონტის ხაზზე და ბოლო გამოდიოდა. სამშობლო დედასავით უყვარდა.
2022 წელს წინა ხაზზე ვიყავით… 19 მარტს რომ შევედით, 23 აპრილს მე დაჭრილი გამომიყვანეს, 24 მარტის დილას კი ვანო და ბიჭები გამოვიდნენ. ოფიციალურად სწორედ იმ დღეს გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან ირპენიც და ბუჩაც. ერთი საგულისხმო ამბავიც მინდა გიამბოთ: ახალი ჩასული ვიყავი, კონკრეტული დისლოკაციის ადგილზე ხუთი მეთაური იდგა. მოვიდა ინფორმატორი და მეგონა, უკრაინელი მეთაურებისკენ გაემართებოდა, თუმცა ვანოსთან მივიდა და ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი კოორდინატები მიაწოდა… ამ ინფორმაციის შემდეგ, რუსების სამეთაურო შტაბი განადგურდა.
ვანო უდიდესი პატრიოტიც იყო და უდიდესი გულიც ჰქონდა. საკუთარი ხელით აწყობდა დრონებს, პროფესიონალი ამფეთქებელი იყო… გამუდმებით აწყობდა თავის “ჩიტებს” და სულ ნაწილების ძიებაში იყო, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე გაფრენის საშუალება მიეცა. ჩემი ჩიტისთვის მჭირდებაო, იტყოდა ხოლმე… აი, ეს იყო მისი საფირმო სიტყვა. ერთ საბედისწერო დღეს ირპენში დათო რატიანი და ბეროშვილი რომ დაიღუპნენ, ბაზაში მყოფებს რაციები ჩართული გვქონდა და როდესაც დაიძახეს, ქართველები დაიღუპნენო, ვანო ვერ გაჩერდა და ჩვენი უკრაინელი მეგობრების დახმარებით იმ ბიჭების გამოყვანის ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობდა.
ბევრი ჭორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ. ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, რომლის თანახმად, ჩვენი ძმა ვანიჩკა გულის შეტევით გარდაიცვალა. უნდა დაიხუროს ეს საკითხი, ვანოს უკან დგას მისი სახელი, ოჯახი, მისი ქართველი, უკრაინელი და ჩეჩენი ძმები, ასევე მისი სამსახური. მისი გარდაცვალების მიზეზია მუდმივ საფრთხეში ყოფნა, რუსული სპეცსამსახურების დევნა, ცუდი კვება, ცუდი ძილი, ნერვიულობა, უმთავრესად ოჯახის წევრებისა და საფიცარი სამშობლოს გამო… კიდევ ერთხელ გთხოვთ, შეეშვით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას… განაგრძეთ კითხვა