“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს,რომ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ-დაბიში გოჩა ენუქიძემ უმასპინძლა.
“ყველამ უნდა იცოდეთ და იცნობდეთ – “ყვარყვარეს”, იგივე გოჩა ენუქიძეს. ივანიშვილის კლანის ოლიგარქი და მწამებელ-მარბიელების მსხვილი დამფინანსებელი.
ზარქუა-სანიკიძის საფულე, რომელმაც აბუ დაბიში უმასპინძლა და ბოლო ინფორმაციით მათი ხარჯების გარდა, კრიმინალური, ლაჩრული მოქმედებებისთვისაც, დოლარები მან გაიღო.
კორუმპირებული, ყაჩაღი რაჭის ფეოდალი!”- წერს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.