ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში”დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რას იწვევს ქრონიკული სტრესი, ნერვიულობა და რა პრობლემები შეიძლება შექმნას სხეულში კორტიზოლის მომატებამ:
– კორტიზოლი ჩვენს სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰორმონია. როდესაც ადამიანი სტრესშია, სხეულში კორტიზოლის შემცველობა იმატებს. ის ძალიან ბევრ სისტემაზე აისახება. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს, შესაძლოა, მადა მოემატოს. კორტიზოლი მადას ძალიან ზრდის ან პირიქით, ამცირებს. თუმცა, უფრო ხშირად მადიანობა იზრდება. ამიტომაცაა, რომ ადამიანი წონაში იმატებს. გარდა ამისა, ჭარბი კორტიზოლი ინსულინზე რეზისტენტობას ხელს უწყობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი მოქმედებით დიაბეტოგენური ჰორმონია. ადამიანს ნელ-ნელა შაქრიანი დიაბეტი უვითარდება. თავიდანვე სისხლში გლუკოზა არ იმატებს, მაგრამ, განწყობა, მიდრეკილება იქმნება. გარდა ამისა, დიდი რაოდენობის კორტიზოლი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც მოქმედებს. სისხლძარღვები ადრენალინზე უფრო მგრძნობიარე ხდება. ამიტომ, უფრო მარტივად ვიწროვდება და წნევა იზრდება. ნებისმიერი სტრესი კორტიზოლის რაოდენობის მატებას ხელს უწყობს. მერე და მერე ჭარბი კორტიზოლი არა მარტო სისხლძარღვების შევიწროებას შეუწყობს ხელს, ასევე სხეულში სითხის მოცულობასაც გაზრდის, რაც წნევის გაზრდასაც გამოიწვევს. ეს წნევა უკვე წნევის დამწევ ან დამარეგულირებელ საშუალებებს ნაკლებად დაემორჩილება.
იცვლება კანიც. კორტიზოლის მოქმედებით რიგ ადგილებში ცხიმის შემცველობა იკლებს. მაგალითად, ფეხები, ხელები გახდება. მაგრამ, იმის გამო, რომ ინსულინზე რეზისტენტობა ვითარდება, ადამიანი მუცლის არეში იმატებს. ასევე, ცხიმის შემცველობა სახის არეშიც მოიმატებს. თუ ადამიანს იქამდე აკნე ჰქონდა, გაუმწვავდება. ხოლო თუ არ ჰქონდა, მიდრეკილება გაუჩნდება. ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი სტრიების გაჩენასაც იწვევს. გარდა ამისა, ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი ნერვულ სისტემაზეც აისახება. იცვლება ხასიათი, განწყობა ქვეითდება. როდესაც ადამიანი სტრესშია, ძალა არ აქვს ხოლმე. ქრონიკული ნერვიულობის შემთხვევაში, ჭარბად გამოწვეული კორტიზოლი საბოლოო ჯამში კუნთებში ცილების შემცველობას ამცირებს. ამიტომ, კუნთების ძალისუნარიანობა იკლებს, სისუსტე ვითარდება. თუ ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება, ძვლების სიმკვრივე დაქვეითდება, რაც ადამიანს ოსტეოპოროზისკენ მიდრეკილს ხდის…განაგრძეთ კითხვა