3 დღის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მდინარეში მანქანა გადავარდა.
ავტომობილის 4 მგზავრიდან მაშველებმა ერთი იმავე დღეს ამოიყვანეს, ორის ცხედარი გუშინ იპოვეს, კიდევ ერთ მგზავრს, გიორგი შამუგიას, კი ამ დრომდე ეძებენ.
„მთელი საქართველო(და არა მარტო) შეძრა ამა წლის 15 მაისის გამთენიისას მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ.საავარიო დარტყმის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის ოთხი მგზავრიდან ერთი მალევე ამოიყვანეს მაშველებმა, მანქანა ადიდებულ მდინარეში გაუჩინარდა.სამაშველო სამსახურის სამდღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი,სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ ხერხდება მეოთხე ახალგაზრდის პოვნა. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ გამწარებულ ოჯახს დაკარგული ბიჭის ძებნაში, რამეთუ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურები უძლური აღმოჩნდნენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებდა ქარი და წვიმა. ორივე სანაპირო ზოლზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება, ვარჯიშობენ, თევზაობენ, სეირნობენ, ფოტოებს იღებენ. გთხოვთ ყურადღებას, იქნებ სულაც უბრალო გამვლელმა მოკრას თვალი რაიმე საეჭვოს წყალში და აცნობოს 112-ს“, – წერს გიორგი შამუგიას ახლობელი.
ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში, კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. პოლიციამ უკვე დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.